შპს „თორაძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/1281 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 23 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 მარტი 2018 18:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: შპს „თორაძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „(გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა)“კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1281) მომართა შპს „თორაძე და პარტნიორებმა“. №1281 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 18 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 23 მარტს.
2. №1281 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლი აწესრიგებს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების წესსა და პროცედურას. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად უქმდება ამ ქონებაზე არსებული ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“
5. კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იპოთეკარს, რომლის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულ ქონებაზეც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მოსარჩელის მითითებით, თუ ის მოითხოვს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით, იპოთეკის საგანს გადაყვება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. შესაბამისად, სადავო ნორმა გამოიწვევს მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საკუთრების უფლებით დაცულ სიკეთეს განეკუთვნება არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მასთან დაკავშირებული უფლებებიც, მათ შორის, იპოთეკარის უფლება, იპოთეკის საგნიდან უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა. სადავო ნორმით კი ხდება მოსარჩელის საკუთრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა, რადგან საჯარო აქტით, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციით იზღუდება საკუთრების გამოყენების ან/და განკარგვის შესაძლებლობა, წესდება სანქციები ან/და მცირდება ქონების საბაზრო ღირებულება.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანხმად, სადავო ნორმა იწვევს იპოთეკარის/მოგირავნის სამოქალაქო სამართლებრივი აქტივის (სამოქალაქო იპოთეკის/გირავნობის უფლების) რანგირების შემცირებას, რადგან გასაჩივრებული ნორმის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სამოქალაქო იპოთეკის/გირავნობის უფლების მქონე პირის მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციის შემდგომ გადაყვება ქონებას. სადავო ნორმიდან გამომდინარე, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა იკავებს რიგითობით პირველ ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის იპოთეკის წარმოშობა წინ უსწრებს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქონების რეალიზაციის შედეგად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გადაყოლა, როგორც წესი, იწვევს ქონების ღირებულების შემცირებას, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი საგადასახადო მოთხოვნის ოდენობით.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეზღუდვა, თავისი ფორმით, წარმოადგენს საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრებას, თუმცა სადავო ნორმა სცდება საზოგადოებრივი საჭიროების მიზნებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს და არღვევს თანაზომიერების პრინციპს. გასაჩივრებული ნორმა არ ემსახურება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, ამასთან, არ ადგენს სამართლიან ბალანსს ინტერესთა შორის და სახელმწიფოს განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სხვა, მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფ იპოთეკარებთან შედარებით. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით მისგან დამოუკიდებლად, დაუსაბუთებლად მცირდება მისი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ, რითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1281 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1281 („შპს „თორაძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. №756, №822, №868, №1225 და №1281 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი