„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/679 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 2 აპრილი 2016 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №679) მიმართა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ და „შპს ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 30 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 4 თებერვალს.
2. №679 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილია, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, აგრეთვე ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დადგენილია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა მოსარჩელეებს ქიბარ ხალვაშს, „შპს პანორამას“ და მოპასუხეებს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სა“ და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ შორის. აღნიშნულ საქმეში დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილზე საკუთრების უფლება. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელეები იმ საფუძვლით ითხოვენ გარიგებათა ბათილობას, რომ წილების გაყიდვისას მყიდველების მიერ გადახდილი ფასი ამ წილების საბაზრო ღირებულების ადეკვატური არ არის. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელზე, ავტორთა აზრით, არსებობს საფრთხე, რომ საქალაქო სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას სწორედ გასაჩივრებულ ნორმებს დააფუძნებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთათვის პრობლემურ რეგულაციას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან ერთად ქმნის 55-ე მუხლი, მათ შორის ამ მუხლის 2012 წლის 8 მაისამდე მოქმედი რედაქცია, რომლის პირველი ნაწილიც ადგენდა, რომ „გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით)“. ამასთან, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, მართალია, მითითებული რედაქცია საქართველოს 2012 წლის 8 მაისის №6151-Iს კანონით შეიცვალა, თუმცა ის მაინც შეიძლება ჩაითვალოს მოქმედ ნორმატიულ აქტად, ვინაიდან მისი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის ერთობლივი განმარტებით, შესაძლებელია ამ სადავო ნორმის იმ გარიგებებზე გავრცელება, რომლებიც სადავო ნორმის ძველი რედაქციის მოქმედების პერიოდში დაიდო. ამგვარი პრაქტიკის დასადასტურებლად, მოსარჩელე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაზე.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ გარიგებების დადებით, მისი მონაწილე მხარეები უშუალოდ აწესრიგებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, რაც, პირველ რიგში, ქონების შეძენის, მისი განკარგვის შესაძლებლობას გულისხმობს. გარიგების მხარეებს სრულად უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ჩარევის გარეშე განსაზღვრონ გარიგების როგორც ფასი, ისე მისი შინაარსი. დაუშვებელია, სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდეს კერძო პირებს შორის დადებულ კონკრეტულ გარიგებათა შინაარსის კონტროლი, განსაკუთრებით კი ეს ეხება გარიგებით გათვალისწინებული შესრულების ფასს. მოსარჩელეთა განმარტებით, ქონებრივი რესურსის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ გარიგების მხარეებს შორის, გარიგების ფასი კი სწორედ ქონებრივი რესურსის გაცვლის პროცესიდან გამომდინარეობს.
8. მოსარჩელეთა მითითებით, კანონმდებლობა, ნებისმიერი სახის „სამართლიანი ფასისა“ თუ „საბაზრო ფასის“ შემოღებით, როდესაც გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა ამგვარ გარეგან ფაქტორებზე ხდება დამოკიდებული, გაუმართლებლად ერევა ქმედების საყოველთაო თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიაში.
9. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის შინაარსი, სხვა უფლებებთან ერთად, ქმედების საყოველთაო უფლებასაც მოიცავს, სადავო ნორმები კი სწორედ ამგვარ თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ამასთან, მოსარჩელე მხარის აზრით, ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სიტყვები „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობის ნორმები“ სუბიექტური შინაარსის ტერმინებია და მოსამართლეს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას ანიჭებს, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვროს მათი შინაარსი თუ მისი არსებობისათვის სავალდებულო კრიტერიუმები. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არსებობს საერთო სასამართლოების მიერ, დასახელებულ ტერმინთა, მათ შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განმარტების საფრთხე, შესაბამისად, მათი მოქმედებით ირღვევა სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპები.
11. მოსარჩელეთათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ საქართველოს საერთო სასამართლოთა პრაქტიკიდან არ იკვეთება, რომ არსებობს რაიმე სახის კრიტერიუმები, რომელთა არსებობისასაც ნორმის შემფარდებელი გამოიყენებდა სადავო ნორმებს. ამასთან, მოსარჩელეთა მითითებით, აღნიშნულ ნორმებს არ გააჩნია რაიმე ლეგიტიმური მიზანი.
12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით ხდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებაში ჩარევა იმდენად, რამდენადაც გარიგების მხარეებს არ აქვთ განცდა, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას სახელმწიფო მოსამართლის მეშვეობით არ მიიჩნევს ბათილად. ამის გარდა, სადავო ნორმათა საფუძველზე, გარიგების არაკეთილსინდისიერ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, დადებული გარიგება ეჭვის ქვეშ დააყენოს იმ არგუმენტით, რომ იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.
14. მოსარჩელეები დამატებით მიუთითებენ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც, დარღვეულია პროპორციულობის ტესტი.
15. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
16. №679 კონსტიტუციურ სარჩელში, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
17. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ და 55-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც უშვებს გარიგების ბათილობის შესაძლებლობას თუ „გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა“, მოქმედების შეჩერებას. რადგან მისი განმარტებით, არსებობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების საფუძველზე, გადაწყვეტილების გამოტანის საფრთხე, რაც გამოუსწორებელი შედეგების მომტანი იქნება მოსარჩელისათვის. გარდა ამისა, სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერება არ შეუშლის ხელს მართლმსაჯულების განხორციელებას, ვინაიდან მათი გამოყენების პრაქტიკა ძალზე მცირეა და რეალურად არც ხდება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი N679 სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
2. №679 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო სამართლის საქმეზე სადავო ნორმების საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის რეალური საფრთხე, რაც მოსარჩელეებისათვის გამოუსწორებელი შედეგების გამომწვევი იქნება. აღნიშნულიდან გამომდინარე კი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ და 55-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც უშვებს გარიგების ბათილობის შესაძლებლობას, თუ „გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა“.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
4. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის N1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შეჩერება ცვლის მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას, შესაძლებელს ხდის იმ ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც მას სადავო ნორმის მოქმედების შედეგად შეიძლება მიადგეს.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, „კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული“. ასევე საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, გარიგებების კანონიერების, მისი ბათილობის საფუძვლების შემოწმებისას გამოიყენება გარიგების დადების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება/განჩინება საქმეზე №ას-880-838-2013). ამდენად, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ხელშეკრულების ბათილობის საკითხი წყდება ამ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი წინადადებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სადავო ნორმის შეჩერება გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობაზე, ის ვერ შეცვლის 2005 ან/და 2006 წლებში დადებული გარიგების ბათილობის საფუძვლებს.
7. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, მისი არაკონსტიტუციურად ცნობისაგან განსხვავებით, არ ადგენს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურ შინაარსს. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა თავისთავად არ გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაძლო სამართლებრივ ეფექტს წარსულში განხორციელებულ სამოქალაქო ურთიერთობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი ეფექტი სადავო საკითხის არსებითად განხილვისა და მისი საბოლოო გადაწყვეტის შედეგად შეიძლება განისაზღვროს.
8. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არ უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოში N679 სარჩელის შემოტანის შემდეგ მის მიერ გარკვეული ხელშეკრულების დადების გარდაუვალობის და სადავო ნორმების შედეგად ამ ხელშეკრულების გაბათილების რეალური საფრთხის არსებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს მისთვის იმგვარი ზიანის მიყენების საფრთხის არსებობას, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით და შეუძლებელი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერებისთვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №679 („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა