შპს „ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/720 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 19 მაისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 მაისი 2016 15:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის, 311-ე მუხლის პირველი ნაწილის, 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 976-ე - 991-ე მუხლების, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 51 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №720) მიმართა „შპს ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 17 თებერვალს.
2. №720 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 19 მაისს.
3. №720 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს მისი შეზღუდვის საფუძვლებს.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“. 311-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს საჯარო რეესტრის დანიშნულებას, ხოლო 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებს საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას და ადგენს ბალანსს კეთილსინდისიერი შემძენის და ნამდვილი მესაკუთრის ინტერესებს შორის. 976-ე - 991-ე მუხლები აწესრიგებს უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 51 პუნქტის მიხედვით, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან“.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 172-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ვინდიკაციური სარჩელის ცნებას, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, მესაკუთრემ მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება თუ მფლობელს ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და იძლევა თავდაპირველი მესაკუთრის მიერ კეთილსინდისიერი შემძენისგან ნივთის გამოთხოვის შესაძლებლობას.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები კეთილსინდისიერ შემძენად არ მიიჩნევს იმ პირს, რომელმაც იცოდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ, ანდა ამ ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმები არ აკონკრეტებს, თუ სად შეიძლება იყოს შეტანილი საჩივარი. შესაბამისად, ბუნდოვანია საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციის გაქარწყლების საფუძვლები.
8. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირება დასაშვებია მხოლოდ საჯარო რეესტრში საჩივრის შეტანის შემთხვევაში და შემძენის კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ არ უნდა დგებოდეს რომელიმე სხვა ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში. მოსარჩელის შეხედულებით, იმ პირისათვის, რომელიც დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს, სრულიად უცნობი შეიძლება იყოს დაინტერესებული პირის მიერ შეტანილი განცხადების შესახებ. ამასთან, არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ განცხადებაში დასმული საკითხის შესწავლას შეიძლება არაპროპორციულად დიდი დრო დასჭირდეს, რაც ასევე ქმნის სამართლებრივი არასტაბილურობის რეალურ საფრთხეს.
9. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის დანიშნულებას წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერი მონაწილეების ინტერესების დაცვა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის აზრით, ბუნდოვანების გამო, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 51 პუნქტი, აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილი, 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამორიცხავს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის გავრცელებას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილზე საკუთრების უფლების მიმართ.
10. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 967-ე-991-ე მუხლები განხილულ უნდა იქნეს ერთობლიობაში, ვინაიდან აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს კეთილსინდისიერი შემძენისთვის ქონების ჩამორთმევისა და თავდაპირველი მესაკუთრისთვის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლებს.
11. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საერთო სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები განიმარტება არაერთგვაროვნად, რაც მათ ბუნდოვანებაზე, შესაბამისად, მათი არაკონსტიტუციური შინაარსით განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობაზე მიუთითებს.
12. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, 311-ე მუხლის პირველი ნაწილი, 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 976-ე - 991-ე მუხლები, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 51 პუნქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელის განმარტებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 51 პუნქტი განსაზღვრავს რეგისტრირებული მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილებთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციის კონკრეტული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას.
3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 51 პუნქტის მიხედვით „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან“. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს შეზღუდული პასუხისმგებლობისა და კომანდიტური საზოგადოების წილზე საკუთრების უფლებისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის წინა პირობას, კერძოდ, შესაბამისი ჩანაწერის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და იგი არ შეეხება საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას. აქედან გამომდინარე, განსახილველ ნორმას ვერ ექნება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი.
4. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი №720 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 51 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №720 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271-ე მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №720 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის, 311-ე მუხლის პირველი ნაწილის, 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და 976-ე - 991-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №720 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში რომელიც შეეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 51 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა