საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679,720,721,740,764 საოქმო ჩანაწერზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/5-1/679,720,721,740,764 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი |
თარიღი | 15 ივნისი 2016 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის N3/5-1/679,720,721,740,764 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679,720,721,740,764საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი დანიშნულება და კონსტიტუციური ვალდებულებაა, უზრუნველყოს ეფექტური კონსტიტუციური მართლმსაჯულება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ასეთი კონსტიტუციური მანდატის მქონე საგანგებოდ შექმნილი კომპეტენტური ორგანოა.
3. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება, რომელიც პირველი კოლეგიის წევრის, მერაბ ტურავას შუამდგომლობების საფუძველზე იქნა მიღებული, არა მხოლოდ კითხვის ქვეშ აყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს გამართული ფუნქციონირების შესაძლებლობას, არამედ არ გამორიცხავს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის მოთხოვნებისა და კონსტიტუციური უფლების დარღვევით გადაწყვეტილების მიღების საფრთხეს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2016 წლის 7 ივნისს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, წერილობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა, მოსამართლე მერაბ ტურავამ №679, №720 და №721 კონსტიტუციური სარჩელების („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ასევე №740 („საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და №764 („საქართველოს მოქალაქეები - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) კონსტიტუციური სარჩელების პლენუმის მიერ არსებითად განხილვის შუამდგომლობებით.
5. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია ორი კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N768 და N769), რომლებითაც მოსარჩელეები ითხოვენ იმ საკანონმდებლო რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობას („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტი), რომელზე დაყრდნობითაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დადგა წინამდებარე შუამდგომლობების განხილვის საჭიროების წინაშე.
6. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობამდე მოქმედებს ნორმის კონსტიტუციურობის პრეზუმფცია. მაგრამ, როდესაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვი სადავო კანონით კონსტიტუციური პრინციპების თუ ფუნდამენტური უფლების დარღვევის თაობაზე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და თავშეკავება ამგვარი ნორმების გამოყენებისას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თავად სასამართლოს წარმოეშვა ეჭვი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ, ის ვალდებულია, იხელმძღვანელოს კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად.
7. ნორმის გამოყენების მომენტისთვის მისი კონსტიტუციურობის საეჭვოობის დაყენება ამ საკითხის გადაწყვეტაზე კომპეტენტური ორგანოს წინაშე, ავალდებულებს ნებისმიერ სახელმწფო ორგანოს/თანამდებობის პირს, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლებას, სადავო ნორმის გამოყენების საკითხი გადაწყვიტოს ინტერესთა აწონვის საფუძველზე. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საერთო სასამართლო უფლებამოსილია, თუ საქმის განხილვისას დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გამოსაყენებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის, შეაჩეროს საქმის განხილვა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მხოლოდ მისი გადაწყვეტილების შემდეგ და შესაბამისად დაასრულოს დავის განხილვა/გადაწყვეტა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც გამომდინარეობს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებისგან, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით.
8. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება კანონის იმ ნორმაზე დაყრდნობით, რომლის კონსტიტუციურობის განხილვის პროცესშიც ის იმყოფება, სასამართლოს აქვს ორი არჩევანი: მან ან თავი უნდა შეიკავოს გასაჩივრებულ ნორმაზე დაყრდნობით (მისი კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტამდე) გადაწყვეტილების მიღებისგან, რათა თავიდან აიცილოს უფლების დარღვევის რისკის დაშვებით საკითხის გადაწყვეტა, ან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უშუალოდ კონსტიტუციაზე დაყრდნობით, გასაჩივრებული ნორმის გამოყენების გარეშე. ვინაიდან 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679,720,721,740,764 საოქმო ჩანაწერში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიუთითებს არა კონსტიტუციის კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც მას აღჭურავდა ამ აქტის მიღების უფლებამოსილებით, არამედ სწორედ სადავო ნორმაზე, ეს იძლევა საფუძველს შემდეგი დასკვნისთვის: ან საკონსტიტუციო სასამართლომ გამოსაყენებელი ნორმა განმარტა კონსტიტუციის შესაბამისად (და ამ გზით არაორაზროვნად მიუთითა ნორმის კონსტიტუციის შესაბამისად განმარტების რესურსზე, შედეგად კი წინასწარ გამოხატა ნორმის კონსტიტუციურობაზე საკუთარი პოზიცია ამავე საკითხის გადაწყვეტამდე, რაც იკრძალება კანონით), ან დაუშვა გადაწყვეტილების კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკით მიღების ალბათობა.
9. მართალია, კანონის თანახმად, ასეთი შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კანონით ევალება, 7 დღეში გადაწყვიტოს საკითხი, ისევე, როგორც არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის შემოღების ლეგიტიმური მიზნები (რაც მხოლოდ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების შემდეგ შეიძლება დადგინდეს), თუმცა ეს საკანონმდებლო რეგულაცია ვერც გამორიცხავს და ვერც აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები, გამორიცხოს მის მიერვე უფლების დარღვევის თუნდაც მინიმალური რისკი. მით უფრო, რომ მოცემულ ეტაპზე შუამდგომლობის არგანხილვა ან არდაკმაყოფილება არ ქმნიდა არანაირ საფრთხეს კონკრეტული კონსტიტუციური სარჩელების განუხილველად დატოვების ან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკითხს, როგორც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ყველა სხვა შემთხვევაში, განიხილავდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია. ვიმედოვნებთ, წინამდებარე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ კოლეგიის მიერ (მათ შორის მათი მონაწილეობით) მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას.
10. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ არსებითი განხილვის შედეგად საფუძვლიანად გამოიკვლია 679-ე კონსტიტუციური სარჩელი, იმყოფება სათათბირო იოთახში და ასრულებს გადწყვეტილების პროექტზე მუშაობას, კოლეგიის ერთი მოსამართლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის ხელახლა განსახილველად პლენუმისთვის გადაცემა ეჭვქვეშ აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას, ერთმნიშვნელოვნად იწვევს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის გაჭიანურებას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჟამად იხილავს იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე ორი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს, რომელიც საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე კოლეგიის ერთი წევრის შუამდგომლობის საფუძველზე ითვალისწინებს კოლეგიის მიერ განსახილველი ან განხილული საქმის პლენუმისთვის გადაცემის შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავი უნდა შეიკავოს ამ ნორმაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებისაგან.
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი