„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/8/721 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 19 მაისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 მაისი 2016 15:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე და 138-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №721) მიმართა „შპს ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 17 თებერვალს.
2. №721 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 19 მაისს.
3. №721 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს მისი შეზღუდვის საფუძვლებს.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლი განსაზღვრავს იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადას, ხოლო 138-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლი იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადად განსაზღვრავს ერთ წელს, თუმცა იგი იძლევა აღნიშნული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკა შეცილების უფლების რეალიზების ვადას ხანდაზმულობის ვადებთან აიგივებს, შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის დინების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის 138-ე მუხლი.
8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, იძულებით დადებულ გარიგების შეცილების ვადის დენა შეწყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
9. მოსარჩელე მხარისთვის გაურკვეველია, რას გულისხმობს ტერმინები „სახელმწიფო ორგანოსთვის მიმართვა“ და „აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება“, კერძოდ, ბუნდოვანია, რომელ სახელმწიფო ორგანოებს მოიაზრებს კანონმდებელი, რა შინაარსის უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოში წარდგენილი მოთხოვნა, აგრეთვე აღმასრულებელი მოქმედების განხორციელების არსი.
10. მოსარჩელე მხარის აზრით, ამგვარი რეგულირება პირს აძლევს შესაძლებლობას გვერდი აუაროს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთწლიან ვადას, კერძოდ, 138-ე მუხლის ბუნდოვანი შინაარსის გამოყენებით, შეწყვიტოს შეცილების ვადის დინება.
11. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების ბუნდოვანი შინაარსი აფერხებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპებს, აგრეთვე კანონის ხარისხიანობის მოთხოვნებს.
12. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს სახელშეკრულებო თავისუფლებისა და საკუთრების უფლებებს და ითხოვს მათ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის N2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”).
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკით აღნიშნული ნორმა განიხილება როგორც ხანდაზმულობის ვადა და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მოქმედება, რაც იძლევა შეცილების ერთწლიანი ვადის გვერდის ავლის შესაძლებლობას.
5. სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის მიხედვით, „იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან“.
6. ციტირებული ნორმა განსაზღვრავს იძულებით დადებულ გარიგების საცილოდ გახდის მაქსიმალურ ვადას. კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის გონივრულობას და მოყვანილი არგუმენტაცია მიემართება სადავო ნორმით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის გვერდის ავლის შესაძლებლობისა და, აქედან გამომდინარე, მისი არაკონსტიტუციურობის მტკიცებას.
7. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები მართლაც ახანგრძლივებდეს იძულებით დადებული გარიგების შეცილების მაქსიმალურ ვადას. მიუხედავად ამისა, როგორც შეცილების ვადის დინების შეწყვეტის, ისე შეწყვეტის წინა პირობების მართლზომიერების საკითხი და განჭვრეტადობა სწორედ აღნიშნული საფუძვლის დამდგენ ნორმებთან მიმართებით უნდა შეფასდეს. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი დამატებითი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლს გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის შემცველი ნორმატიული შინაარსი.
8. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არასწორად ესმის სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის შინაარსი, შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი №721 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №721 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №721 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N721 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. №721 და №720 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა