საქართველოს მოქალაქეები - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/10/764 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 6 ივნისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 ივნისი 2016 19:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №764) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ და არჩილ ალავიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 3 ივნისს.
2. №764 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 6 ივნისს.
3. №764 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი ითვალისწინებს მითვისებისა და გაფლანგვის დასჯადობას, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში“. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ადგენს ამავე ქმედებათა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის დასჯადობას და ჩამოთვლის დამამძიმებელ გარემოებებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი სამართლიანი სასამართლოს უფლებას განამტკიცებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის №1/1373-15 გადაწყვეტილებით მოსარჩელეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ ბრალდებულს, სასჯელის სახით, განესაზღვრა 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მოსარჩელეებს 2 წლის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი უშვებს პირისთვის გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) პირს არ მიუღია გადაწყვეტილება გაფლანგულად შერაცხული თანხის გამოყოფისა და გადარიცხვის შესახებ; ბ) პირს (ბრალდებულს) არ ჰქონია მინდობილი გაფლანგულად შერაცხული თანხა; გ) პირს (ბრალდებულს) არ მოუწერია ხელი იმ ხელშეკრულებისთვის, რომლის საფუძველზეც მოხდა ნივთის შესყიდვა და თანხის გადარიცხვა მყიდველისათვის; დ) სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა განხორციელდა კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; ე) ბრალდებულთა ქმედება არ წარმოადგენდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვას; ვ) პირის ქმედებას უშუალოდ არ მოჰყოლია სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა; ზ) არც ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი პირი და არც იმ კოლექტიური ორგანოს რომელიმე წარმომადგენელი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც მოხდა თანხის გამოყოფა და გადარიცხვა შესყიდვის მიზნით, არ ადასტურებს, რომ რომელიმე ბრალდებულმა ისინი შეცდომაში შეიყვანა; თ) თუ არ არის დადგენილი და არ არსებობს ანგარების მიზანი და მოტივი (გაფლანგვის სუბიექტური მხარე); ი) თუ რამდენიმე პირს ბრალდება წარდგენილი აქვს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი გაფლანგვისათვის ისე, რომ არც ის არის დადგენილი, თუ როდის და ვის მიერ შეიქმნა გაფლანგვის ჩამდენი ჯგუფი, არც ის, თუ რა ფუნქცია ეკისრებოდა თითოეულ ბრალდებულს და არც ბრალდებულთა პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალიზებული.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციდან გამომდინარე, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, მისთვის ბრალის წარდგენა დაუშვებელია განხორციელდეს არსებითად მცდარი, გაყალბებული, არასაკმარისად სანდო ან მეტწილად საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთან, კონსტიტუცია კრძალავს დანაშაულებრივი ქმედების არსებობის გარეშე პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა იძლევა კონსტიტუციის დასახელებული მოთხოვნების საწინააღმდეგო ინტერპრეტირების შესაძლებლობას.
9. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, „მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1). მოსარჩელემ უნდა მოახდინოს კონსტიტუციური უფლებების სწორი იდენტიფიცირება, რომლებთან მიმართებითაც ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
3. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება „წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მიემართება მტკიცებულებებს, კერძოდ, მათი გამოყენების, სანდოობის, თუ შესაბამისი საპროცესო აქტისთვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტებთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი განსაზღვრავს დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას. იგი არ არეგულირებს აღნიშნული დანაშაულის დასადასტურებლად გამოყენებად მტკიცებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტაცია, თუ რა ასპექტით შეიძლება ზღუდავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს.
7. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი N764 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
8. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს ინსტრუმენტულ უფლებას და მისი მიზანია, უზრუნველყოს ამა თუ იმ მატერიალური უფლების ან სამართლებრივი ინტერესის სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა და არა თავად რომელიმე მატერიალური უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ... ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით, მითვისება და გაფლანგვა დასჯად ქმედებად არის მიჩნეული. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის დამდგენ მატერიალურ ნორმას და მის კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებული საკითხები მიემართება მატერიალურ ბუნებას და არ არის შემხებლობაში ინსტრუმენტულ უფლებასთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა ვერ შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. ამდენად, N764 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N764 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N764 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N764 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. N764 და N740 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა