საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/9/740 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 19 მაისი 2016 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, 166-ე მუხლისა და 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 194-ე, 226-ე, 332-ე, 333-ე, 362-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე მუხლის, 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 219 მუხლის მე-6 ნაწილის და 259-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, 166-ე მუხლის, 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 219-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 259-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 259-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით;
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №740) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 29 მარტს.
2. №740 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 19 მაისს.
3. №740 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, დანაშაულად არის მიჩნეული ქმედებები, როგორებიც არის იძულება, მითვისება ან გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მასში მონაწილეობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება, დოკუმენტის გაყალბება, გასაღება ან გამოყენება. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პროკურორის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების დისკრეციულ უფლებამოსილებას, მტკიცებით სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპი, აგრეთვე სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის საფუძვლებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, მე-18 მუხლი განსაზღვრავს ადამიანის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები არეგულირებს სამართლიანი სასამართლოსა და პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის უკუძალით გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი განსაზღვრავს დანაშაულის, კერძოდ, მითვისებისა და გაფლანგვის შემადგენლობას, რომლის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს „მართლსაწინააღმდეგო მითვისება”. მოსარჩელისთვის ბუნდოვანია აღნიშნული ტერმინის შინაარსი, ვინაიდან იგი ბრალის და ქმედების შემადგენლობასთან ერთად წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ელემენტს და გაურკვეველია რა მიზანს ემსახურება სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის განსახილველ ნორმაში მისი მითითება. მოსარჩელისთვის ასევე ბუნდოვანია ტერმინი „გაფლანგვა“ და „მართლზომიერ მფლობელობასა ან განმგებლობაში“.
7. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე მას დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მოსარჩელის აზრით, ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
8. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული მუხლი არ შეესაბამება კანონიერების, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის და კანონის განსაზღვრულობის პრინციპებს. სადავო ნორმა იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ამიტომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედების სისხლისსამართლებრივი დასჯადობის საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად ხდება დამოკიდებული სამართალშემფარდებლის ინდივიდუალურ შეფასებაზე. მოსარჩელის განმარტებით, საერთო სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია და ის თავისუფალია დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების შექმნასა და დადგენაში.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 194-ე და 226-ე მუხლები არ აქვს განჭვრეტადი შინაარსი და ვერ პასუხობს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს.
10. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის დეფინიცია ვერ პასუხობს განჭვრეტადობის მოთხოვნებს. კერძოდ, შესაძლებელია, აღნიშნული მუხლებით დანაშაულად დაკვალიფიცირდეს ისეთი შემთხვევები, რომლებიც თავისი არსით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ დავას განეკუთვნება.
11. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებლ სხდომაზე განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლი თავისთავად არაკონსტიტუციურ შინაარსს არ შეიცავს, მაგრამ არაკეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შესაძლებელია მისი ბოროტად გამოყენება.
12. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, 166-ე მუხლი და 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განსაზღვრავს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას პროკურორი სარგებლობს თავისუფალი მიხედულებით და არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულად განხორციელების რისკი.
13. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს გარანტიებს დისკრიმინაციული სისხლის სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი არ განსაზღვრავს მოსამართლის ვალდებულებას, შეამოწმოს სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლოდ დისკრიმინაციული ბუნება.
14. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის მოთხოვნებს, თუმცა ის არ ადგენს მოსამართლის ვალდებულებას, იმსჯელოს სისხლის სამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულობის შესახებ. მოსარჩელის აზრით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ დგება გარკვეული უარყოფითი შედეგები, მათ შორის, თავისუფლების შეზღუდვა.
15. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია და ითხოვს მათ არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-18 მუხლებთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან, აგრეთვე 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის N2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”). ამასთან, აუცილებელია, „მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1). მოსარჩელემ უნდა მოახდინოს კონსტიტუციური უფლებების სწორი იდენტიფიცირება, რომლებთან მიმართებითაც ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
3. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, 362-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები არის ბუნდოვანი და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 362-ე მუხლებით დასჯად ქმედებად არის მიჩნეული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კანონი უნდა პასუხობდეს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს, კერძოდ, კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი და სამართლის სუბიექტს აძლევდეს ქცევის წესისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების ამოკითხვის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონი შეიძლება ჩაითვალოს განუსაზღვრელად, როცა განმარტების ყველა მეთოდი მოსინჯულია, მაგრამ მაინც გაურკვეველია მისი ნამდვილი შინაარსი, ანდა არსი გასაგებია, მაგრამ გაუგებარია მისი მოქმედების ფარგლები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-19).
6. ამავე დროს, კანონის ბუნდოვანებაზე უბრალო მითითება არ არის საკმარისი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმის ბუნდოვანებიდან მომდინარე უფლების შემზღუდავ ნორმატიულ შინაარსს და მიმართებას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შესაბამის უფლებასთან.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის შესაძლებელია პირის მსჯავრდება, თუნდაც არ იყოს დადგენილი შემოსავლის უკანონობა.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განიმარტება როგორც „უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა“. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ შეეხება დაუსაბუთებელი ქონების ნაწილს, ამასთან, მითითებული მუხლიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ლეგალიზებული შემოსავლის უკანონო ბუნება წარმოადგენს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განუყოფელ ნაწილს. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია არგუმენტაციაზე, რომელიც განსახილველი ნორმის ბუნდოვანებიდან მომდინარე პრობლემურ ნორმატიულ შინაარსს წარმოაჩენდა.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლზე მსჯელობისას მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ აღნიშნულ ნორმას კონსტიტუციურობის პრობლემა არ გააჩნია, თუ არ ხდება მისი ბოროტად და არაკეთილსინდისიერად გამოყენება.
10. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში სადავო ნორმა იძლევა მისი არაკონსტიტუციური შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას, ან/და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთხვევაში არ არსებობს სამართლებრივი დაცვის ეფექტური მექანიზმები. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მხარე თავადვე მიუთითებს, რომ მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლი პრობლემურია იმდენად, რამდენადაც გარკვეული გარემოებების არსებობისას იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფუძვლოდ.
11. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი N740 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 362-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
12. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით, მითვისება და გაფლანგვა დასჯად ქმედებად არის მიჩნეული. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ნორმები არის ბუნდოვანი და შესაძლებელია კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ერთ-ერთი წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.
14. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს ინსტრუმენტულ უფლებას და მისი მიზანია, უზრუნველყოს ამა თუ იმ მატერიალური უფლების ან სამართლებრივი ინტერესის სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა და არა თავად რომელიმე მატერიალური უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ... ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
15. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის დამდგენ მატერიალურ ნორმას. აღნიშნული ნორმის ბუნდოვანებასთან დაკავშირებული საკითხები მიემართება მის მატერიალურ ბუნებას და არ არის შემხებლობში ინსტრუმენტული უფლების შინაარსთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შესაბამის უფლებასთან მიმართებით.
16. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი N740 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
17. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლთან და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის აზრით, მითითებული სადავო ნორმები იძლევა სისხლის სამართლებრივი დევნის დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობას, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული მუხლებით დაცულ უფლებებს.
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და 169-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტი წარმოადგენს პირის ბრალდებულად ცნობის საკმარის/აუცილებელ საფუძველს, ხოლო ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს პროკურორის უფლებამოსილებას, აღნიშნული სტანდარტის არსებობისას გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ.
19. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს ბრალის წაყენებისთვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტს, აგრეთვე პროკურორის ზოგად უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბრალდების შესახებ. ისინი არ ადგენენ, პროკურორის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების იმ წესს, რომელსაც მოსარჩელე დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხეს უკავშირებს. კონსტიტუციურ სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, აშკარაა რომ ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობის კონსტიტუციურობის შემოწმება არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას.
20. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N740 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლთან და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
21. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას არ მსჯელობს სისხლის სამართლის საქმის დისკრიმინაციული ბუნების შესახებ, რაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს და 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის მოთხოვნებს. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერება გულისხმობს განაჩენის შესაბამისობას კანონმდებლობასთან. სამართლიანობა განიმარტება როგორც პროპორციული სასჯელის გამოყენება. ხოლო განაჩენი ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ იგი ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებით სტანდარტს და მოსამართლის დასკვნები და გადაწყვეტილებები არის არგუმენტირებული.
23. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის ზოგად მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ, რომელიმე ნორმა, რომელსაც სასამართლო განაჩენის მიღებისას ეყრდნობა, ზღუდავდეს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება აბსტრაქტულად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი ადგენს, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი და ასვე უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნებს. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი უშვებს შესაძლებლობას, განაჩენი ემყარებოდეს დისკრიმინაციულ მოპყრობას. სადავო ნორმა არ შეიცავს წესს, რომელსაც მოსარჩელე დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხეს უკავშირებს.
24. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი N740 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
25. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების, აგრეთვე 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლები ადგენს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით, აგრეთვე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მტკიცებულებით სტანდარტს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის უფლებამოსილებას, განჩინებით შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ მიუთითებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.
27. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმების საფუძველზე, პროკურორს აქვს შესაძლებლობა, დისკრიმინაციულად აწარმოოს სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო წინასასამართლო სხდომის მოსამართლე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისას არ მსჯელობს შესაძლო უთანასწორო მოპყრობის შესახებ და არ ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რაც, მოსარჩელის განმარტებით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს.
28. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
29. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება „წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლები განსაზღვრავს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. ხოლო ამავე კოდექსის 219-ე მუხლი ადგენს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს. კერძოდ, თუ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, იგი იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
31. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სადავო ნორმები პროკურორს აძლევდეს უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობას და არ განსაზღვრავდეს მტკიცებულებების შეფასებისას სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლოდ დისკრიმინაციულ ბუნებაზე მსჯელობის ვალდებულებას. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მიემართება მტკიცებულებათა სანდოობის საკითხს, თავისთავად, სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლოდ დისკრიმინაციული წარმოება ეჭვქვეშ ვერ დააყენებს იმ მტკიცებულებების გამოყენების კონსტიტუციურობას, რომელსაც შესაბამისი საპროცესო აქტ(ებ)ი ეყრდნობა.
32. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი N740 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების, აგრეთვე 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
33. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების, აგრეთვე 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით.
34. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 116-ე მუხლები ქმნის სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულად წარმოების საფრთხეს, ხოლო ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გამომდინარე, მოსამართლე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე მსჯელობისას არ ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, არგუმენტაციას სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულ ბუნებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის აზრით, ამგვარი რეგულირება ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ უფლებას.
35. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი „განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას, ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2 ).
36. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ შეეხება პირის ბრალდებულად ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის კონსტიტუციურობის საკითხს. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია უმეტესწილად მიემართება სადავო ნორმების შესაძლოდ დისკრიმინაციული ბუნებიდან და სამართლიანი სასამართლოს შესაძლო შეზღუდვიდან მომდინარე ეფექტებს. ბუნებრივია, კონსტიტუციით დაცული ერთი უფლების შეზღუდვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა უფლებაზე, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს შესაბამისი უფლების დამდგენ კონსტიტუციურ ნორმასთან მიმართებით.
37. მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს რა ასპექტით ზღუდავს განსახილველი ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი N740 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების, აგრეთვე 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N740 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N740 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N740 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 362-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების, აგრეთვე 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან და მე-40 მუხლს მე-3 პუნქტთან მიმართებით;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის და 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-18 მუხლებთან, აგრეთვე მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა