საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764)
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/740,764 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი პაპუაშვილი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 22 სექტემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 სექტემბერი 2016 12:41 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764).
განსახილველი საკითხი: №740 და №764 კონსტიტუციურ სარჩელებზე მოპასუხე მხარის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების - თამარ მესხიას და ზვიად ბრეგაძის შუამდგომლობები მოსამართლეების - ქეთევან ერემაძისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილების შესახებ.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №740 და №764 კონსტიტუციურ სარჩელებზე მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა, 2016 წლის 4 აგვისტოს თამარ მესხიამ, ხოლო 2016 წლის 23 აგვისტოს ზვიად ბრეგაძემ მიმართეს შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრების- ქეთევან ერემაძისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელების განხილვაში მონაწილეობიდან აცილების საკითხთან დაკავშირებით.
2. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ №764 კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოში შევიდა 2016 წლის 3 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქმე იმავე დღესვე გადასცა პირველ კოლეგიას, განისაზღვრა მომხსენებელი მოსამართლეც და სარჩელი გაეგზავნათ კოლეგიის დანარჩენ წევრებს. 4 ივნისს კი მოსამართლეებმა მიიღეს მოცულობით და სასარჩელო მოთხოვნით გაზრდილი სარჩელი, რაც კანონის თანახმად დაუშვებელია. პირველი კოლეგიის სამმა წევრმა, მათ შორის ქეთევან ერემაძემ და კონსტანტინე ვარძელაშვილმა ეს ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნულს ტექნიკური ხასიათის დაზუსტება უწოდა.
3. მოპასუხის მტკიცებით, ეს სარჩელის გამოცვლის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა და არგუმენტად მოჰყავს საკონსტიტუცუიო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრის - მერაბ ტურავას ინტერვიუ.
4. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ქეთევან ერემაძე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი, მოვალეა, პირადად შეამოწმოს შემოსული სარჩელები და მხოლოდ მას გააჩნია მათში შეტანილი ცვლილების „ფორმალურად“ მიჩნევის უფლებამოსილება. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, თუ ზემოაღნიშნული ფაქტები დადასტურდება და დადგინდება, რომ სარჩელში რეალურად არსებითი, შინაარსობრივი და არაფორმალური ცვლილებები შევიდა, ჩნდება ეჭვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი - ქეთევან ერემაძე №764 კონსტიტუციური სარჩელის ავტორების (საქართველოს მოქალაქეების ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის) მიმართ შესაძლოა მოქმედებდეს არაობიექტურად. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ იგი მიკერძოებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისასაც.
5. შუამდგომლობაში ასევე მითითებულია, რომ კონსტანტინე ვარძელაშვილი, როგორც პირველი კოლეგიის თავმჯდომარე, ვალდებული იყო გამოვლენილ შესაძლო გადაცდომაზე მოეხდინა რეაგირება და, სარჩელის შეცვლის ტექნიკურ დაზუსტებად მიჩნევის ნაცვლად, მოეთხოვა ფაქტის გამოკვლევა. გარდა ამისა, ის არ მიემხრო იმ ხუთ მოსამართლეს, რომელთაც სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარება მიიჩნიეს საჭიროდ. აღნიშნულის გამო, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ იგი №764 კონსტიტუციური სარჩელის ავტორების (საქართველოს მოქალაქეების ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის) მიმართ მოქმედებს მიკერძოებულად. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ იგი მიკერძოებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისასაც.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ქეთევან ერემაძე და კონსტანტინე ვარძელაშვილი №764 კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით ვერ აკმაყოფილებენ მოსამართლის მიუკერძოებლობის აღიარებულ სტანდარტებს და უნდა განერიდონ აღნიშნული საქმეების განხილვას.
II
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მოსამართლის აცილების შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“.
2. შუამდგომლობებში მითითებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქალბატონ ქეთევან ერემაძის მიმართ არსებობს აცილების საფუძვლები, ვინაიდან, მაღალი ალბათობით, ადგილი ჰქონდა 764-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის „შემდეგ დღეებში უკვე სხვა გასწორებული სარჩელით გამოცვლას და ამ სახით მოსამართლეებისათვის გადაცემას“. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ყოველივე ეს შესაძლოა მიუთითებდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ქალბატონი ქეთევან ერემაძის მიკერძოებაზე №764 კონსტიტუციური სარჩელის ავტორების (საქართველოს მოქალაქეების ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის) მიმართ. შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილების საფუძველი, ვინაიდან მან არ მოახდინა სათანადო რეაგირება №764 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაშვებულ დარღვევებზე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მოსამართლის მიმართ გამოთქმული ეჭვები და დაუსაბუთებელი ბრალდებები თავისთავად ვერ გახდება მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის მიერ აცილების შესახებ დაყენებული შუამდგომლობები, მასში მოყვანილი არგუმენტაცია, №764 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები და მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს მოსამართლეთა - ქეთევან ერემაძის და კონსტანტინე ვარძელაშვილის მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენების ან/და კანონით გათვალისწინებული აცილების სხვა საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ქეთევან ერემაძის და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი